English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ თეონა თავდიშვილი
მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

PDF ვერსიის სანახავად დააჭირეთ ბმულს

 

სტატიაში გამოკვლეულია მზის ენერგიის მნიშვნელობა, პოტენციალი და საინვესტიციო შესაძლებლობები საქართველოში. ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. გაზრდილ მოთხოვნას კი დაბალანსება სჭირდება, რაც ელექტროენერგიის გამომუშავების ტრადიციული ან ალტერნატიული გზებით უნდა მოხდეს.

ელექტროენერგიის სექტორის გაძლიერება და ენერგოდამოუკიდებლობა განვითარებაზე ორიენტირებული ქვეყნების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩანაცვლების, გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთადერთი გზა - ელექტროენერგიის წარმოების ზრდაა.

საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავების მთავარი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის, რომლის ირგვლივაც ორი აზრი ყოველთვის არსებობს და თემას, მომხრეებთან ერთად, ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს. ამ გართულებული ვითარების ფონზე, ქვეყნისათვის ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროების როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

შესაბამისად, წინამდებარე კვლევა საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის შესწავლას, არსებული მდგომარეობის შეფასებასა და მზის ენერგიის, როგორც საინვესტიციო შესაძლებლობის განხილვას ეძღვნება.

ნაშრომი ეყრდნობა ოფიციალურ სტატისტიკას, სამეცნიერო სტატიებსა და სექტორში ჩატარებულ კვლევებს.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დარგის მიმართ გაზრდილი ინტერესის ფონზე, საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს ინვესტორებისთვის მიმზიდველი სივრცე ამ სექტორში ინვესტიციის განსახორციელებლად მთელი იმ შეღავათების გამოყენებით, რასაც სახელმწიფო სთავაზობს დღეს პოტენციურ ინვესტორებს.

საკვანძო სიტყვები: ენერგეტიკა, მზის ენერგია, მზის პანელები, ელექტროენერგია, ელექტროსისტემა.

JEL Codes:P28, P48, Q42.




შესავალი

ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდა საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარ მიზანს წარმოადგენს. ენერგეტიკული უსაფრთხოება ქვეყნის ეროვნული ფასეულობების და ინტერესების განმტკიცებას ემსახურება სხვადასხვა ენერგეტიკული პროდუქტის ხარისხიანი და უწყვეტი მიწოდებით ხელმისაწვდომ ფასად (World Experience for Georgia, 2017, 2)  ენერგიის მიწოდების უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

თუმცა, 2020 წლის განმავლობაში, ელექტროენერგიის გამომუშავება, წინა წელთან შედარებით, 5.9%-ით შემცირდა. ამ ფონზე 7.7%-ით არის შემცირებული განახლებადი ენერგიის წყაროების გენერაციაც და ელექტროენერგიის დეფიციტის დასაბალანსებლად   59 მლნ აშშ დოლარის წმინდა იმპორტი გახდა საჭირო 2020 წელს. აღნიშულიდან გამომდინარე, რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობამ ბოლო 4 წლის მაქსიმუმს მიაღწია და ჯამური იმპორტის 38% შეადგინა (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, 2020, 3).

არსებითად მნიშნელოვანია იმპორტირებული ელექტროენერგიის წილის შემცირება ჯამურ მოხმარებაში, რაც, ერთი მხრივ, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობით და, მეორე მხრივ, ენერგიის მიღების ალტერნატიული წყაროების დანერგვით არის შესაძლებელი.

დღეს საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა საკმაოდ მწვავე დისკუსიის საგანია. არაერთი არგუმენტი არსებობს ორივე მხარეს, თუ რატომ უნდა აშენდეს ან არ აშენდეს ჰესი. ბოლო წლების განმავლობაში, თითქმის ყველა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ექსპერტები თვლიან, რომ ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანამ სრულად აითვისოს არსებული ჰიდრორესურსები, გარემოსდამცველები კი გარემოზე ზემოქმედების საფრთხეს ხედავენ.

ამასთან, ელექტროენერგიის გენერაციაში პრობლემები ექმნება ჰესების წყალმომარაგებას, წყლის რესურსების კლებასთან და წყალდიდობა-წყალმოვარდნების გაძლიერებასთან დაკავშირებით იზრდება დატვირთვა, რაც წარმოშობს სხვაობას მოთხოვნა-მიწოდებას შორის, ზრდის ენერგეტიკულ რესურსების ხარჯვას მრეწველობაში, სოფლის მეურნეობასა და სხვა სფეროებში, რითაც პრობლემები ექმნება თვით ენერგოუსაფრთხოებას ქვეყანაში, რადგან არსებული ელექტროსადგურების სიმძლავრე შეზღუდულია, ხოლო დამატებითი მშენებლობები კი დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული (ინაშვილი, 2016, 36). 

გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე არსებითად მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის გენერირების ალტერნატიული გზებისა და რესურსების განვითარება. ეს არის ე.წ. განახლებადი ენერგიის წყაროები, რადგანაც ისინი ენერგიის ბუნებრივ წყაროებს წარმოადგენენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მზის ენერგიის გამოყენება ელექტროენერგიის მისაღებად, სულ უფრო აქტუალური საკითხი ხდება. 

საქართველოში ელექტროენერგიის ალტერნატიული რესურსების განვითარების პერსპექტივა და არსებული გარემოს ეკონომიკური შეფასება წარმოადგენს კვლევის მთავარ ამოცანას. ამ მიზნით, ნაშრომში გამოიკვეთა  იმ კონკრეტული საკითხების კვლევა, რომელთაც შესაძლოა ზეგავლენა იქონიონ მზის ენერგიის წარმოების დანერგვაზე საქართველოში. კვლევაში ასევე განხილულია გლობალური და კავკასიის რეგიონის ტენდენციები ამ სფეროში. ჩატარდა სამაგიდე კვლევა, რომლის ფარგლებში შესწავლილ იქნა არსებული საკანონმდებლო-პოლიტიკის დოკუმენტები, სექტორში ჩატარებული კვლევები, საუკეთესო გამოცდილება და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) წლიური ანგარიშები, რაც გამოყენებულია წინამდებარე სტატიაში.

 

მზის ენერგია

 

მსოფლიოს მოთხოვნა ენერგიაზე ერთ წელზე გათვლით შეიძლება დაკმაყოფილდეს მზის შუქის იმ რაოდენობით, რომელიც დედამიწაზე ეცემა საათნახევრის განმავლობაში. შესაბამისად, მზის ენერგია არის მდიდარი, ძლიერი და ენერგიის სხვა წყაროებთან შედარებით, მარტივად მისაღები და იაფი (მუხიგულიშვილი, კვარაცხელია 2013).

მაგალითად, მზის ელექტროსადგურის აშენებას 35-40%-ით ნაკლები ინვესტიცია სჭირდება, ვიდრე კაშხალის აშენებას, ვინაიდან ეს უკანასკნელი მოითხოვს დამბების, წყლის მართვისა და ტექნიკური მხარდაჭერის ვრცელ სისტემას. გარდა ამისა, მზის პანელის მწარმოებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა უფრო მოკლე ვადებში ხდება და, როგორც წესი, მას სჭირდება ერთი წელი. მზის ენერგიის სისტემა საჭიროებს მარტივ ტექნიკურ მხარდაჭერას მომხმარებლის ხარჯის თვალსაზრისით. ცნობილია, რომ ინდივიდუალური მზის პანელების გამოყენებით შესაძლებელია ენერგიის ღირებულების 40%-მდე შემცირება (International Renewable Energy Agency, 2019).

 გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიხედვით, საქართველოს აქვს ხელსაყრელი კლიმატური და ტოპოგრაფიული პირობები მზის ენერგიის მიღებისათვის, რაც განპირობებულია წელიწადში დაახლოებით 280 მზიანი დღის არსებობით. მზის ენერგია შეიძლება იყოს მდიდარი და ეფექტიანი. საქართველოში, ყოველ კვადრატულ მეტრზე, წელიწადში 1300 კვტ/სთ მზის ენერგია ხვდება, რაც დაახლოებით 120 ლიტრ დიზელის საწვავს ან 130 კუბ. მეტრ ბუნებრივ აირს უტოლდება.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს კვლევების თანახმად, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მზის ეფექტური გამოსხივება საკმაოდ ხანგრძლივია. ქვეყნის უმეტეს ნაწილში მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა დაახლოებით 1 900 - 2 200 საათია. ამასთან, ეფექტური გამოსხივების განაწილება სეზონების მიხედვით არათანაბარია: ზამთარში 10-15%-ს, ხოლო ზაფხულში -   30-35%-ს შეადგენს. მზის წლიური ჯამური რადიაცია რეგიონების მიხედვით 1 300 - 2 500 კვტ.სთ/მ² დიაპაზონში მერყეობს. მზის ენერგიის სრული წლიური პოტენციალი საქართველოში 34 ათასი ტონა პირობითი სათბობის ეკვივალენტურია (საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო).

„NASA”-ს მონაცემებით, მაისიდან ოქტომბრამდე, საქართველოში, შესაძლებელია წყლის გასაცხელებლად საჭირო ენერგიის 100%-ით უზრუნველყოფა. მარტში, აპრილსა და ოქტომბერში მზე იძლევა საჭირო სითბოს ნახევარს, ნოემბრიდან თებერვლამდე    კი  -  20-30%-ს (სუმბაძე, 2014).

საქართველოში საერთო ენერგოპროდუქტის მცირე წილი მიიღება მზის ენერგიიდან, მაგრამ ქვეყანა წარმოადგენს პოტენციურ ბაზარს ამ სექტორის განვითარების თვალსაზრისით. ამას განსაკუთრებით შეუწყობს ხელს ადეკვატური პოლიტიკის გააქტიურება, თუმცა საქართველოში მზის პანელების მხოლოდ ერთი საწარმო არსებობს, რომელიც რამდენიმე თვის წინ  გაიხსნა.

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი

საქართველოს ენერგეტიკულ რესურსებს შორის პირველი ადგილი ჰიდროენერგორესურსებს უკავია. ქვეყნის ძირითად მდინარეთა ეკონომიკურად მიზანშეწონილი წლიური პოტენციალი დაახლოებით 40 მლრდ კვტ. საათითაა შეფასებული. 

            Galt & Taggart-ის მონაცემებით, 2019 წელს ქვეყნის ელექტროენერგიის მოხმარება 12,8 კვტ.სთ–ს გაუტოლდა, რაც 1,4% - ით აღემატება წინა    წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2018 წელს კი 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა (Galt&Taggart 2019, 4). დინამიკა წლების მიხედვით წარმოდგენილია გრაფიკში (იხ. გრაფიკი 1).







ელექტროენერგიის შიდა მოხმარება, TWh (ტერავატ საათი)

     გრაფიკი 1

წყარო: შედგენილია ავტორის მიერ, Galt&Taggart-ის მონაცემების მიხედვით

გალტ ენდ თაგარტი-ს მონაცემებით, 2020 წელს, ელექტროენერგიის მოხმარება წლის პირველ ნახევარში 4.5%-ით შემცირდა და 6.1 კვტ.სთ შეადგინა. ელექტროენერგიის მოხმარების კლება კოვიდ19-ის პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვებითაა განპირობებული. კლება ყველაზე საგრძნობი იყო მეორე კვარტალში (-10.7%), რადგან შეზღუდვები მარტის მეორე ნახევრიდან დაიწყო. თუმცა, გასული წლის მაჩვენებელი ვერ განზოგადდება, რადგან შემცირებული მოხმარება შემცირებული ეკონომიკური აქტივობით, მსხვილი კრიპტომწარმოებლების მოხმარების შემცირებით და თითქმის განულებული ტურიზმით აიხსნება. 

მას შემდეგ, რაც ქვეყანა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, ელექტროენერგიის მოხმარებაც პანდემიამდელ მაჩვენებელს მიაღწევს და, სავარაუდოა, რომ გასულ წლებში არსებული მოხმარების ზრდის ტემპიც შენარჩუნდება. აქვე აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო და კომერციული აბონენტებისათვის ფასები გაიზარდა. ზრდა ყველაზე მაღალია (+24%) 102 კვტ. სთ-ზე დაბალი მოხმარების საყოფაცხოვრებო აბონენტებისათვის და, ასევე, იმ კომერციული მომხმარებლებისათვის, რომლებიც რეგიონში არიან წარმოდგენილი (+90%), რაც კიდევ უფრო ართულებს არსებულ მდგომარეობას და ხაზს უსვამს ალტერნატიული წყაროების საჭიროებას (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, 2020, 3). 

გამომუშავებული ენერგიის 66% კი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის. ალტერნარიულ წყაროებზე, მაგალითად ქარის ელექტროსადგურებზე მხოლოდ – 0,6% (Galt&Taggart 2019, 5),  იხ. დიაგრამა 1








ელექტროენერგიის გამომუშავება და იმპორტი,  2019, TWh

დიაგრამა 1

ყარო: შედგენილია ავტორის მიერ, Galt&Taggart-ის მონაცემების მიხედვით

სურათს კიდევ უფრო აუარესებს ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ უკანასკნელის მოსალოდნელი შეჩერება დამატებით 0.6 კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის დეფიციტს შექმნის მიმდინარე წელს. ენგურჰესის გამომუშავების გათვალისწინებით, 4-თვიან პერიოდში (თებერვალი-მაისი) დანაკლისი 0.6 კვტ. სთ მოცულობით განისაზღვრა, რაც ნაწილობრივ დაკომპენსირდება არსებული ჰესების 2019 წლის გამომუშავების დონემდე ზრდით და შუახევის ჰიდროსადგურით. ჯამურმა გენერაციამ მოსალოდნელია 11.5 კვტ. სთ. შეადგინოს აღნიშნულ პერიოდში და დეფიციტი 1.6 კვტ. საათს მიაღწევს, რაც შესაძლოა დაკომპენსირდეს იმპორტის ან თბოსადგურების გენერაციის ზრდის ხარჯზე (IDFI, 2020, 4).

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წელს 1 310.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 20% სწორედ ენერგეტიკის სექტორზე მოდის. აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დარგის ეკონომიკურ მიმზიდველობას იხ. დიაგრამა 2.








უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2019 წელი

დიაგრამა 2

 

წყარო: შედგენილია ავტორის მიერ, საქსტატის მონაცემების მიხედვით

ბოლო 10 წლის განმავლობაში ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ იყო სტაბილური და მოცულობა მკვეთრად იცვლებოდა ყოველწლიურად. მოცემულ საანგარიშო პერიოდში დარგში პირდაპირი უცხოურიინვესტიციების მოცულობამ მაქსიმუმს 2017 წელს მიაღწია და 278 990.7 ათასი აშშ დოლარი შეადგინა (საქსტატი, 2020) იხ. გრაფიკი 2.

 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში

ენერგეტიკის სექტორში (ათასი აშშ დოლარი)

გრაფიკი 2

წყარო: შედგენილია ავტორის მიერ, საქსტატის მონაცემების მიხედვით

მზის ენერგია მსოფლიოში

 

მსოფლიოში გამომუშავებული მზის ენერგიის სიმძლავრეს ზრდადი ტრენდი აქვს. 2020 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 844 TWh (ტერავატ საათი) შეადგინა, რაც მსოფლიოში წარმოებული მთლიანი ენერგიის მხოლოდ 3%-ია (bp Statistical Review of World Energy 2021). ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოს ქვეყნებიდან გერმანია იყო ლიდერი PV-ს ინსტალაციის კუთხით. მას მოჰყვება ჩინეთი, იაპონია, იტალია და აშშ. (იხ. გრაფიკი 3).                                                                                                                             

 

გამომუშავებული მზის ენერგიის მოცულობა მსოფლიოში (TWh– ტერავატ საათი) 2020წ.

გრაფიკი 3

წყარო: შედგენილია ავტორის მიერ, BP-ის მონაცემების მიხედვით

მსოფლიო ინვესტიციების მოცულობამ მზის განახლებადი ენერგიის სექტორში გადააჭარბა წიაღისეულ საწვავზე დაფუძნებულ ელექტროენერგიის სექტორში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობას. ეს ყველაფერი გამოწვეულია გამომუშავებული მზის ენერგიის საჭიროებით და მისი ეფექტურობით სხვადასხვა ტექნოლოგიაში (იხ. გრაფიკი 4). 

საშუალო წლიური ინვესტიცია (მლრდ. აშშ დოლარი)

გრაფიკი 4

წყარო: შედგენილია ავტორის მიერ, International Renewable Energy-ის მონაცემების მიხედვით 

განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს საპროგნოზო მონაცემებით, სექტორში განხორციელებული ინვესტიციების  საშუალო მოცულობა 2030 წელს 165 მლრდ. დოლარს შეადგენს შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა კი იმავე საპროგნოზო წლისათვის   11 მლნ–ს გადააჭარბებს. (A Global Energy Transformation paper 2019, 11)

საერთაშორისო ენერგიის სააგენტოს მიხედვით, 2019-2024 წლებში განახლებადი ენერგიების დადგმული სიმძლავრე 50%-ით გაიზრდება, რაშიც მთავარ როლს მზის ფოტოგარდამქმნელები (PV) შეასრულებს (დევიძე 2020, 7).

მზის ენერგია საქართველოში

 

საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა იძლევა შესაძლებლობას არა მხოლოდ საკუთარი მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს, არამედ მეზობელი ქვეყნებიც მოამარაგოს ენერგიით. საქართველოს აქვს ასამდე ქვესადგური და ვრცელი გადამცემი სისტემა, რაც საშუალებას აძლევს მას დაუკავშირდეს მეზობელ ქვეყნებს. საქართველო კავკასიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც აქვს ელექტროკავშირები რეგიონის ყველა სახელმწიფოსთან - აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და თურქეთი. თურქეთი, თავისი მზარდი ენერგომოთხოვნებით, პოტენციური საექსპორტო ბაზრის კარგი შესაძლებლობაა.

საქართველოს მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს თურქეთთან, რათა დაეხმაროს მას ენერგომოთხოვნების დაკმაყოფილებაში, კერძოდ, ჰიდროენერგიის მეშვეობით. თურქეთის ფაქტორი მნიშვნელოვანია, ვინაიდან მას სჭირდება ენერგია, განსაკუთრებით, ზაფხულში. აქედან გამომდინარე, საქართველოს აქვს შესანიშნავი პოტენციალი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე მზის ენერგიის სექტორში ინვესტირებისათვის.

2019 წელს ქუთაისში, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა. გერმანული კომპანიის – AE Solar ქარხანა წელიწადში 500 მგვტ. საერთო სიმძლავრის პროდუქციას გამოუშვებს. AE Solar - ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა განახლებადი ენერგიის ინდუსტრიის სფეროში (საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო).

საქართველოს ახალი ენერგოპოლიტიკის თანახმად, 2030 წლისთვის, ქვეყნის ენერგიის 35% განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იქნება მიღებული, რაც დროთა განმავლობაში ქვეყანას ეკოლოგიურ და ეკონომიკურ სტაბილურობას მოუტანს. (საქართველოს კანონი განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ).

აღნიშულიდან გამომდინარე, ქვეყანაში როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე საფინანსო სექტორი დარგის განვითარებისა და ენერგიის ალტერნატიული წყაროების პოპულარიზაციისათვის, რიგ ინიციატივებს სთავაზობს ბიზნესს. მზის პანელების ლიზინგითშეძენის შემთხვევაში სოფლის მეურნეობის პროექტებს სუბსიდირებას სოფლის განვითარების სააგენტო/Rda უწევს, ხოლო საწარმოებს, სასტუმროებსა თუ სხვა პროექტებს სააგენტო - “აწარმოე საქართველოში”. აღნიშნული სუბსიდირების შემთხვევაში, ლიზინგის ყოველთვიური გადასახადი მნიშვნელოვნად მცირდება, სამომავლოდ შემცირებულ ელექტრო და თბოენერგიის ხარჯებთან ერთად.

დამატებით, 2020 წელს ლუქსემბურგის ფონდს, “Green For Growth Fund” (GGF)-სა და თიბისი ლიზინგს შორის 16,4 მილიონი ლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიზანი სწორედ ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსების ხელშეწყობაა, მათ შორის მზის პანელებიც მოიაზრება. ეს დაფინანსება საშუალებას მისცემს ბიზნესებს განახორციელონ ენერგოეფექტური ინვესტიციები და წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკის მწვანე აღდგენაში (ბალანჩივაძე, 2021).

მთავრობის როლი დარგის განვითარებაში

 

2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა, ერთი მხრივ, ევროკავშირს, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რითაც შეიქმნა მხარეთა მრავალმხრივი თანამშრომლობის ჩარჩო. ეს ჩარჩო ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვან მექანიზმებს, უფრო კონკრეტულად კი - საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის 300-მდე სამართლებრივ აქტთან.

ასოცირების შეთანხმების მნიშვნელოვანი კომპონენტია თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში (კარი VI), რაც ითვალისწინებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას, ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოებას და თანამშრომლობის განვითარებას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა – ელექტროენერგეტიკა, ბუნებრივი აირისა და ნავთობის მოძიება, მოპოვება და ტრანზიტი, განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტურობა. შეთანხმება, ასევე, ითვალისწინებს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობას. ასოცირების შეთანხმების ენერგეტიკულ ნაწილში თანამშრომლობა მოიცავს რამდენიმე ძირეულ საკითხს, რომელთა  შორისაა:

  •     ენერგომომარაგების უსაფრთხოების განმტკიცება, ბაზრის ინტეგრაციის ზრდა და ეტაპობრივი რეგულაციური დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობის უმთავრეს პრინციპებთან;

  •     ენერგიის დაზოგვის და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა ეკონომიკურად და ეკოლოგიურად გამართლებული გზით;

  •      განახლებადი ენერგიის განვითარება და ხელშეწყობა;

  •      სამეცნიერო–ტექნიკური თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა ენერგიის წარმოებაში, ტრანსპორტირებაში, მიწოდებასა და მისი გამოყენების პროცესში ტექნოლოგიების განვითარებისა და დახვეწის მიზნით და სხვ.

აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში საქართველომ აიღო ვალდებულება განავითაროს განახლებადი ენერგია. მთავრობა აძლიერებს ძალისხმევას ჰიდრო და ქარის ენერგიის მიმართულებით. მზის ენერგიაც შეადგენს მთავრობის ძალისხმევის მნიშვნელოვან ნაწილს, რათა მიღწეულ იქნეს ქვეყნისა და ევროკავშირის მიზნები.

მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით და მწვანე ტექნოლოგიის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობამ აიღო უფასო ადგილების გამოყოფის ვალდებულება ელექტრომანქანების დამტენი სადგურებისა და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.

გადაიდგა ნაბიჯები ალტერნატიული ენერგიის გენერირებისა და საექსპორტო საქმიანობის დღგ-გან გათავისუფლების მიმართულებით. დღესდღეობით, არ არის საჭირო ლიცენზია ენერგიის ექსპორტისათვის და არ არსებობს რაიმე გადასახადი ენერგოქსელზე მიერთებისათვის. ახალი სამართლებრივი რეგულაციები საშუალებას იძლევა ენერგიის მიყიდვა მოხდეს უშუალოდ საბოლოო მომხმარებლისათვის, რაც შესაძლებლობას მისცემს კომპანიას დაამონტაჟოს მზის პანელები არსებულ ობიექტებზე (ან სხვა დაინტერესებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებულ ადგილებში). მზის პანელები შეიძლება პირდაპირი გზით მიყიდულ იქნეს საბოლოო მომხმარებელზე ან უფასოდ დამონტაჟდეს იმ პირობით, რომ შემდგომში მოხდება წარმოებული ენერგიის შესყიდვა. საქართველოს მთავრობას ჯერ არ დაუწესებია საფასო მექანიზმი ინდივიდუალურად გასაყიდი მზის ენერგიისათვის. თუმცა, მზის ენერგიის მეურნეობების შემთხვევაში, მათი გაშენებისთანავე, სახელმწიფოსთან ფორმდება „ენერგიის შესყიდვის ხელშეკრულება“, რომელშიც განისაზღვრება ფასიც.

2020 წლიდან ბაზრის რეფორმა გათვალისწინებული ვადით მიმდინარეობს. კანონმდებლები დათქმულ ვადაში ასრულებენ ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრობით და ენერგეტიკის შესახებ ახალი კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. კერძოდ, პარლამენტმა დაამტკიცა კანონი ენერგოეფექტურობისა და შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ, ხოლო მთავრობამ – განახლებადი ენერგიების და ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმები. 

საქართველოს მთავრობამ განახლებადი ენერგიის პოტენციალის ათვისების წამახალისებელი რიგი საკანონმდებლო ჩარჩო-დოკუმენტები შეიმუშავა. მნიშვნელოვანი მარეგულირებელი დოკუმენტია საქართველოს კანონი განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ, რომლის მოსალოდნელ შედეგად განსაზღვრულია შექმნას განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ხელშეწყობის, წახალისებისა და გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები. ასევე, დაადგინოს ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებასა და ენერგიის ტრანსპორტის მიერ მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საერთო წილის სავალდებულო ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლები.

განახლებადი ენერგიის სამოქმედო გეგმის დამატებითი ღონისძიებებიდან აღსანიშნავია მზის წყალგამათბობლების წახალისება, რაც ეროვნული ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმაშიც არის ასახული და მზის წყლის გამათბობლების აქტიური წახალისება არის ხაზგასმული, რაც ჩაანაცვლებს ბუნებრივ გაზს და სხვა ტიპის ტრადიციული რესურსს.

მზის ენერგიის წარმოების მხარდაჭერა ენერგომწარმოებლებთან შეთანხმებით  მზის ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას გულისხმობს, სამიზნე ჯგუფს კი კერძო სექტორი წარმოადგენს.

დასკვნა

 

საქართველოში მზის ენერგიის გამოყენებას მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია მაკროდონეზე - ქვეყნისთვის, ხოლო მიკროდონეზე - ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის. კლიმატის ცვლილებისა და საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გარემოსდაცვითი ზომები გაატაროს, რაშიც მზის ენერგიის ათვისება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და დაზოგავს რესურსებს.

ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ როგორც მთავრობა, ასევე კერძო სექტორი ავლენს დიდ ინტერესს მზის ენერგიის განვითარების მიმართულებით. ქვეყანაში არ არსებობს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფაქტორები, რამაც შეიძლება დააბრკოლოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. 

ქვეყანაში არსებული თავისუფალი ინდუსტრიული ზონები შესაძლებლობას აძლევს ინვესტორს გარკვეული საგადასახადო შეღავათებით აწარმოოს პროდუქტი. ევროკავშირსა და  სხვა არაერთ ქვეყანასთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში ინვესტორი შეძლებს იოლად გაიტანოს საქართველოში წარმოებული პროდუქტი ექსპორტზე გამარტივებული პროცედურებით. 

მზის პანელების წარმოების წარმატებით დანერგვა მეტ სტიმულს მისცემს ინვესტორებს დაინტერესდნენ პროექტის სხვა კომპონენტებითაც, როგორიცაა დამტენი სადგურები და ელექტრომანქანები.

 

ლიტერატურა:

  • მუხიგულიშვილი გ,. კვარაცხელია თ. (2013). ენერგიის განახლებადი წყაროები და ენერგოეფექტურობა, თბილისი.

  • ინაშვილი მ. (2014). კლიმატის ცვლილების გამოვლინებები და შედეგები. თბილისი

  • ბალანჩივაძე ნ. (2021) მზის პანელების პრიორიტეტულობა ბიზნესისა და ქვეყნისთვის, თბილისი.

  • შეთანხმება ასოცირების შესახებ  საქართველოსა და ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის (2014).

  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (2020). ენერგეტიკის სექტორის მიმოხილვა. თბილისი.

  • დევიძე მ. (2020). მზის ენერგეტიკა საქართველოში: პრობლემები, გამოწვევები და საჭირო ღონისძიებები. თბილისი.

  • სსე (2020). საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა. თბილისი.

  • განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა საქართველო (2019).

  • BP Statistical Review of World Energy (2019) 68th Edition, UK.

  • Galt&Taggart (2020). Georgia's Energy Sector, Electricity Market Watch, Tbilisi.

  • Jäger-Waldau A. (2019.) PV Status Report, Publications Office of the European Union, Luxembourg.

  • IRENA (2019). Future of Solar Photovoltaic: Deployment, Investment, Technology, Grid Integration and Socio-Economic Aspects (A Global Energy Transformation: paper), International Renewable Energy Agency, Abu Dhabi.

  • McCrone A., Moslener U. (2018). Global Trends in Renewable Energy Investment, Frankfurt School-UNEP Centre.

  • Schmela M. (2018). Global Market Outlook for Solar Power.

  • Sen D., Tunc M.,  Ozilhan T. (2013) Investment Analysis of a New Solar Power Plant. International Journal of Renewable and Sustainable Energy.

  • https://www.bp.com/en/global/corporate/energy-economics/statistical-review-of-world-energy.html /ბოლო ნახვა 9 მარტი, 2020/.

  • https://www.statista.com/statistics/186823/global-investment-in-solar-technology-since-2004/ /ბოლო ნახვა 9 მარტი, 2020.

  • საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.  www.geostat.ge 

 

References:

 

  • Mukhigulishvili G., Kvaratskelia T. (2013). Energiis ganaxlebadi wyaroebi da energoefeqturoba [Renewable Energy Sources and Energy Efficiency. Tbilisi]. in Georgian.

  • Inashvili M. (2014) Klimatis cvlilebebis gamovlinebebi da shedegebi [Climate change manifestations and results. Tbilisi]. in Georgian.

  • Balanchivadze N. (2021) Mzis panelebis Prioritetuloba biznesisa da qveynistvis [Prioritization of solar panels for business and country. Tbilisi]. in Georgian.

  • Shetanxmeba asocirebis shesaxeb saqartvelosa da evrokavshirs da evropis atomuri energiis gaertianebas da mat wevr saxelmwifoebs shoris (2014). [Association Agreement between Georgia and the European Union and the European Atomic Energy Community and their Member States]. in Georgian.

  • Informaciis tavisuflebis ganvitarebis instituti (2020). energetikis seqtoris mimoxilva [Energy Sector Overview. Tbilisi]. in Georgian.

  • Devidze M. (2020) mzis energetika saqartveloshi: problemebi, gamowvevebi da sachiro gonisdziebebi [Solar Energy in Georgia: Problems, Challenges and Necessary Actions. Tbilisi]. in Georgian.

  • SSE (2020) saqartvelos saxelmwifo eleqtrosistema [Georgian State Electrosystem. Tbilisi]. in Georgian.

  • ganaxlebadi energiis erovnuli samoqmedo gegma saqartvelo (2019). [National Renewable Energy Action Plan Georgia]. in Georgian.

  • BP Statistical Review of World Energy (2019). 68th edition, UK.

  • Galt&Taggart (2020). Georgia's Energy Sector, Electricity Market Watch, Tbilisi.

  • Jäger-Waldau A. (2019). PV Status Report, Publications Office of the European Union, Luxembourg.

  • IRENA (2019), Future of Solar Photovoltaic: Deployment, Investment, Technology, Grid Integration and Socio-economic Aspects (A Global Energy Transformation: Paper), International Renewable Energy Agency, Abu Dhabi.

  • McCrone A. Moslener U. (2018) Global Trends in Renewable Energy Investment, Frankfurt School-UNEP Centre.

  • Schmela M. (2018). Global Market Outlook for Solar Power.

  • Sen D., Tunc M.  Ozilhan T. (2013). Investment Analysis of a New Solar Power Plant. International Journal of Renewable and Sustainable Energy.

  • https://www.bp.com/en/global/corporate/energy-economics/statistical-review-of-world-energy.html /Last Seen 9 March, 2020/.

  • https://www.statista.com/statistics/186823/global-investment-in-solar-technology-since-2004/ /Last Seen 9 March, 2020/.  

  • saqartvelos statistikis erovnuli samsaxuris monacemebi.  [Data of the National Statistics Office of Georgia.] (In Georgian).  www.geostat.ge